← სიახლეებში დაბრუნება

ისტორიული გადაწყვეტილება: 23 იანვარი ქართული კალიგრაფიის დღესასწაულად იქცევა!

დღეს, 23 იანვარს, როდესაც მსოფლიო ხელით წერის (კალიგრაფიის) საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი ონლაინ შეხვედრა, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ისტორიული საფუძველი ახალი ქართული ტრადიციისა.

ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით შეიკრიბნენ სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს დღე საქართველოშიც ტრადიციად იქცეს და ყოველწლიურად აღინიშნოს, როგორც ქართული კალიგრაფიის დღე!

შეხვედრას ესწრებოდნენ და ინიციატივას სათავეში ჩაუდგნენ:

  • ვლადიმერ (ლადო) კვარაცხელია — ლიტერატურული ფესტივალი „კოლხური დიადემის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე
  • ლაშა გვასალია — სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი
  • მერაბ კვიცარიძე — პროექტ „ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო" იდეის ავტორი და ხელმძღვანელი
  • ილია ერქვანია — ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე
  • ნუგზარ ჭიაბერაშვილი — პრემია „ივერიის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე
  • პარტნიორის რანგში: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაცხადებთ!

ამ ახალი ტრადიციის ფარგლებში, ფუძნდება კალიგრაფიის მასშტაბური კონკურსი!

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართული დამწერლობის უნიკალური ესთეტიკის შენარჩუნებასა და განვითარებას.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 1-20 თებერვალი — კონკურსზე რეგისტრაციის პერიოდი
  • 20 თებერვალი - 15 მარტი — ნამუშევრების წარდგენის ვადა
  • 14 აპრილი (დედაენის დღე) — საზეიმო ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი

დღეს ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საფუძველი ჩაეყარა დიდებულ ამბავს, რომელიც გააერთიანებს კალიგრაფიის ოსტატებსა და მოყვარულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დეტალურ პირობებსა და სარეგისტრაციო ბმულს მალე გავაცნობთ საზოგადოებას.

გააზიარე: